ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული ნაწილი მასალების გასაჯაროებას ითვალისწინებს

ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული ნაწილი მასალების გასაჯაროებას ითვალისწინებს.

ბაიდენის განცხადებით, 11 სექტემბრის 20 წლისთავის წინ, ამერიკელი ხალხი იმსახურებს უფრო სრულყოფილი სურათის დანახვას იმაზე, რაც ხელისუფლებამ იცის ამ თავდასხმების შესახებ.

"როდესაც მე ვმონაწილეობდი საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვიღებდი ვალდებულებას, 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებული ტერაქტების შესახებ დოკუმენტების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო. იმ ტრაგიკული დღის მე-20 წლისთავს რომ ვუახლოვდებით, მე პატივს ვცემ ამ ვალდებულებას", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ შეინარჩუნოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საიდუმლო მასალები დარჩეს მხოლოდ კონკრეტულ და აუცილებელ შემთხვევებში.

ბაიდენმა იუსტიციის დეპარტამენტს და სხვა უწყებებს დაავალა, დაეწყოთ ექვსთვიანი პროცესი 11 სექტემბრის ტერაქტებზე FBI-ს გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროების მიზნით.