პრემიერი: კოვიდბარათი არის საინფორმაციო ტიპის ბარათი, რომელიც ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდბარათი არის საინფორმაციო ტიპის ბარათი, რომელიც ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯერ მხოლოდ ერთხელ არის აცრილი Pfizer-ის ვაქცინით და პროტოკოლით განსაზღვრული ვადა მეორე აცრისთვის, არ გასულა.

„თქვენ იცით, ესწრებოდით კიდეც, მე ერთხელ ვარ აცრილი Pfizer-ით და მაქვს კიდევ რამდენიმე კვირა, პროტოკოლით განსაზღვრულია 21-28 დღე ან მაქსიმუმ 42 დღემდე, ჯერ არ არის გასული 28 დღე, მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, უნებართვოდ, ჩემი ნებართვის გარეშე შედიან თქვენი თანამშრომლები და მართლაც ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი. გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ავიღე გაყალბებული კოვიდ-ბარათი. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.

ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ბარათი, რომელიც ჩემი დავალებით იუსტიციის სამინისტრომ დაამზადა და ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს. ეს ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას, თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, რამდენი დოზით, რამდენჯერ, ბოლო PCR-ტესტის შედეგები და ასევე, მას ჰქონდა თუ არა გადატანილი კოვიდი. ეს არის ძალიან მარტივი საინფორმაციო ბარათი, რომელსაც დავარქვით კოვიდბარათი. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება და დაინტერესება გამოიჩინეს. მე მივესალმები ამ ფაქტს. არ შეიძლება, ადამიანის ნებართვის გარეშე მისი პირადი მონაცემების გამოყენება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ, 3 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოვიდბარათი აიღო. "მთავარმა არხმა" კი საქართველოს პრემიერი ვაქცინის მეორე დოზაზე იმის საილუსტრაციოდ დაარეგისტრირა, რომ ეჩვენებინა, მას არ ჰქონდა კორონავირუსის მეორე აცრა გაკეთებული და შესაბამისად, კოვიდპასორტის აღების უფლება.

ამავე თემაზე:

ინსპექტორის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდბარათი აიღო