კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან "რუსთავი2-ის" ეთერში ისაუბრა.

კალაძის ინფორმაციით, თავად ტესტის გაკეთებას 6 სექტემბერს გეგმავს, ტელევიზიების თანდასწრებით.

"ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, წინა ცხოვრებიდან გამომდინარე. კამპანიები უნდა ვაწარმოოთ: "არა ნარკოტიკს", "ნარკოტიკი კლავს". დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერში საზოგადოებაც ჩაერთვება და ძალიან ბევრი ადამიანი დამიჭერს მხარს. არასდროს არანაირ ნარკოტიკთან არ მქონია შეხება. სხვათა შორის, ჩვენ, მერობის კანდიდატებს, არ მოგვეთხოვება, როგორც დეპუტატობის კანდიდატებს, ნარკოტესტის ჩაბარება. ახლა, მინდა, მივმართო ყველა კანდიდატს: კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩავაბაროთ ნარკოტესტი, შედეგები კი საზოგადოებას წარვუდგინოთ. მე მზად ვარ, ორშაბათს გავაკეთო ეს ტელევიზიების თანდასწრებით", - განაცხადა კახა კალაძემ.