ვიოლა ფონ კრამონი: ევროკავშირის წინააღმდეგ ძლიერი დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს, რომლის კვალს რუსეთამდე მივყავართ

„ევროკავშირის წინააღმდეგ ძლიერი დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს, რომლის კვალს რუსეთამდე მივყავართ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, მსგავსი დეზინფორმაციის კამპანიები უკრაინასა და მოლდოვაშიც მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, ევროკავშირისადმი საზოგადოების მხარდაჭერა შეაფერხოს.

ევროპარლამენტში ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. მსგავსი დეზინფორმაციის კამპანიები უკრაინასა და მოლდოვაშიც მიმდინარეობს და კვალს რუსეთამდე მივყავართ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გერმანელმა პოლიტიკოსმა ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირი და აშშ ერთსა და იმავე ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებენ, ეს კი განსაკუთრებით იგრძნობა საქართველოში.

„ჩვენ ასევე გვაქვს საერთო მიზნები: მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, გავაძლიეროთ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია. ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა თავიანთი უდიდესი ძალისხმევით მოამზადეს საფუძველი 19 აპრილის შეთანხმებისთვის. შეთანხმება კვლავ ძალაშია „ქართული ოცნების“ ხელმოწერით თუ მის გარეშე.

რაც შეეხება რეგიონს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, უახლესი ფაზის განმავლობაში, ევროკავშირი და აშშ დიდწილად არ მონაწილეობდნენ პროცესებში. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა რუსეთს საშუალება მისცა, გაეძლიერებინა თავისი პოზიციები კავკასიაში. სამწუხაროდ, ასეთი განვითარება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელმა.