Europetime-მა ევროპარლამენტარ, საგარეო კომიტეტის წევრ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გერმანელი პოლიტიკოსი (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები) ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი საქართველოს ვიზიტით ბოლოს ივლისში, მას შემდეგ ეწვია, რაც მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ გამოაცხადა.
Europetime ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.
_ბოლო დროის განვითარებები რას ნიშნავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში და საერთოდ, რაზე მიუთითებს?
ვფიქრობ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ნამდვილად ყოფილა უკეთესი პერიოდებიც. სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, ევროკავშირისადმი საზოგადოების მხარდაჭერა შეაფერხოს.
ევროპარლამენტში ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. მსგავსი დეზინფორმაციის კამპანიები უკრაინასა და მოლდოვაშიც მიმდინარეობს და კვალს რუსეთამდე მივყავართ.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, უკან გაეწვია ევროკავშირისა და პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელშიც ამდენი ენერგია ჩავდეთ, კიდევ უფრო დააზარალა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები. ევროკავშირი ნდობას, როგორც სტაბილური პარტნიორობის საფუძველს განიხილავს და დაპირებების გატეხვა ამ ნდობას სერიოზულად არღვევს.
_როგორ აფასებთ აშშ-ის პოლიტიკას რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ?
ევროკავშირი და აშშ ერთსა და იმავე ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებენ, ეს განსაკუთრებით იგრძნობა საქართველოში. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო მიზნები: მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, გავაძლიეროთ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია. ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა თავიანთი უდიდესი ძალისხმევით მოამზადეს საფუძველი 19 აპრილის შეთანხმებისთვის. შეთანხმება კვლავ ძალაშია „ქართული ოცნების“ ხელმოწერით თუ მის გარეშე.
რაც შეეხება რეგიონს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, უახლესი ფაზის განმავლობაში, ევროკავშირი და აშშ დიდწილად არ მონაწილეობდნენ პროცესებში. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა რუსეთს საშუალება მისცა, გაეძლიერებინა თავისი პოზიციები კავკასიაში. სამწუხაროდ, ასეთი განვითარება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს.
_რა შეგიძლიათ გვითხრათ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე?
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას.
ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს.