კუბამ 18 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო

კუბის ხელისუფლებამ 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. France 24 იუწყება, რომ მთავრობა ბავშვების აცრას სკოლების ხელახალი გახსნის წინაპირობად განიხილავს.

12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები პირველები იქნებიან, ვინც ადგილობრივი ვაქცინებით (Abdala/Soberana) აიცრებიან.

2020 წლის მარტიდან კუბაში სკოლები ძირითადად დახურულია და მოსწავლეები სატელევიზიო გაკვეთილებს ადევნებენ თვალს. ორშაბათიდან ისინი სწავლას დისტანციურად განაგრძობენ, ვიდრე ყველა ბავშვი, ვისაც ეს ეხება, არ აიცრება.

გასულ პარასკევს, მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ ადგილობრივი წარმოების ვაქცინა (Soberana 2) გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

კუბური ვაქცინების შემადგენლობა, რომლებიც არ არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ემყარება რეკომბინანტულ პროტეინს, იგივე ტექნიკას, რომელსაც ამერიკული კომპანია Novavax-ი იყენებდა.

ორივე კუბური ვაქცინა, რომლის ეფექტურობა აღემატება 90%-ს, დამტკიცებულია ადგილობრივი მარეგულირებლების მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის, თუმცა მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა რეცენზირებულ ჟურნალებში.

კუბაში გასულ 24 საათში 6,927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74.

დედაქალაქ ჰავანაში, სადაც 2.2 მილიონი მცხოვრებიდან, 60% -ზე მეტი სრულად არის აცრილი, მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ინფიცირების მაჩვენებელი და სიკვდილიანობა 100,000 მოსახლეზე ბევრად დაბალია.

11.3 მილიონიანი კუბის დაახლოებით 50% მინიმუმ ერთი დოზით, ხოლო 3.5 მილიონზე მეტი სრულად არის აცრილი.