ქაბულის აეროპორტში შიდა ფრენები განახლდა

ქაბულის აეროპორტი კატარის ტექნიკურმა ჯგუფის დახმარებით გაიხსნა. ავღანეთში კატარის ელჩის განცხადებით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი გარემონტდა და ორი შიდა რეისიც შესრულდა.

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო მუშაობს თურქეთთან და ესაუბრება „თალიბანს“, რათა უზრუნველყოს პოტენციური ტექნიკური დახმარება აეროპორტის ექსპლუატაციაში შესასვლელად.

ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია 31 აგვისტოს დასრულდა, როდესაც ქაბულის აეროპორტიდან ქვეყანა აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა გეგმის შესაბამისად დატოვეს, რაც 31 აგვისტომდე პროცესის დასრულებას ითვალისწინებდა და როგორც ეს მანამდე განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი.

მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.