ამირან გამყრელიძე: თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, ყოველთვიურად 50-70 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები შემცირებულია, ქვეყანაში ეპიდვითარება ჯერ კიდევ რთული რჩება.

დღეს მძიმე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ, 1500-ზე მეტია, ხოლო ხელოვნური ვენტილაცია 400-ზე მეტ პაციენტს ესაჭიროება.

თუმცა, ამ ფონზე ამირან გამყრელიძის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ პირბადის ტარების ნიშნული ქვეყანაში არის შემცირებული და 43%-მდეა ჩამოსული.

"ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და ეს მთავარი დამცველი საშუალება - პირბადე, რომ ყველამ, 95%-მა მოსახლეობის ატაროს - პირიქით, მოდის ქვევით, რაც ძალიან ცუდია პროგნოზულად. იმიტომ, რომ თუ ჩვენ 95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, სხვადასხვა პროგნოზული მაჩვენებლებით, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერ აიცრება, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია რთულია და რომ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე, საჭიროა, რომ ყველამ დავიცვათ ეს რეკომენდაციები - პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება და აცრა," - განუცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ს.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 210 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 587 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 314 014 ადამიანმა გაიკეთა.