ირაკლი ღარიბაშვილი: ვმუშაობთ მილიონი დოზა Sinopharm-ის და ორი მილიონი დოზა Pfizer-ის შემოტანაზე

,,ვმუშაობთ მილიონი დოზა Sinopharm-ის და ორი მილიონი დოზა Pfizer-ის შემოტანაზე, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება შემდგომი თვეების განმავლობაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა, სიტუაცია მართვადი იყოს და არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის გარეშე.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიტუაცია იყოს მართული და ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკმარისზე მეტი რაოდენობის ვაქცინები შემოგვეტანა. სამ მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ, დღეს ქვეყანაში არის მილიონი დოზა Pfizer-ი, დაახლოებით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა Sinovac-ი და ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა Sinopharm-ის და ორი მილიონი დოზა Pfizer-ის შემოტანაზე, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება შემდგომი თვეების განმავლობაში. რა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა, რასაც კონკრეტული შედეგებიც მოჰყვა.

„ჩვენს თანმიმდევრულ, ეტაპობრივ ეკონომიკის გახსნას მყისიერი შედეგიც მოჰყვა. გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ქვეყანას აქვს 12%-იანი ზრდა პირველი შვიდი თვის განმავლობაში. აპრილში გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში – 25%-იანი, ივნისში – 18%-იანი, ივლისში – თითქმის 10%-იანი. რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას და ამ პროცესს სჭირდება შენარჩუნება. ასევე, ამ განვითარებას სჭირება მშვიდობა და სტაბილურობაც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.