მონტენეგროში სერბეთის ეკლესიის ახალი ლიდერის ინაუგურაცია შეტაკებების ფონზე გაიმართა. მიტროპოლიტი იოანიკოს მეორე, მონასტრამდე პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ ვერტმფრენით მიიყვანეს. სპეცრაზმმა ქალაქ ცეტინიეში (ძველი დედაქალაქი, ქვეყნის კულტურული და ისტორიული ცენტრი) ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. BBC-ის ცნობით, აქციის მონაწილეები ქვებს და ბოთლებს ისროდნენ.
მონტენეგრო სერბეთს 2006 წელს გამოეყო, მაგრამ მისი ეკლესია სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია. ზოგიერთი, მათ შორის მონტენეგროს პრეზიდენტი მას სერბეთის გავლენის სიმბოლოდ მიიჩნევს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მილო ჯუკანოვიჩმა პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა, ჩაეშალათ ინაუგურაცია, თუმცა სხვა წყაროები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ღონისძიების გადადებას ითხოვდა.
შაბათს, პროტესტის მონაწილეებმა ღონისძიების ბლოკირების მიზნით ბარიკადები მოაწყვეს, კვირას კი დემონსტრაცია გამართეს.
პოლიციამ ათზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის პრეზიდენტის მრჩეველი. სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.
„მონტენეგრო NATO-ში 2017 წელს გაწევრიანდა, რამაც რუსეთი და სერბეთი გააღიზიანა. ამის შემდეგ ეკლესიას შიდა პოლიტიკურ ბერკეტად იყენებენ. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა იოანიკოს მეორეს ინაუგურაცია მიულოცა და შეაქო მთავრობა ღონისძიების გაგრძელებისათვის. ვუჩიჩმა ბელგრადში TV Prva- ს განუცხადა, რომ სერბეთს აქვს "მხოლოდ უახლოესი და საუკეთესო ურთიერთობა" მონტენეგროსთან. ვუჩიჩი სერბეთის ყოფილი ლიდერის სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის დროინდელი მინისტრია, რომლის ქმედებებმა 90-იან წლებში ხელი შეუწყო ტერმინის „ეთნიკური წმენდის" პოპულარიზაციას.
აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება და ყველა მხარეს მოუწოდა დეესკალაციისკენ. მათი თქმით, რელიგიური თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლება უნდა იყოს დაცული“, - წერს Reuters-ი.