„თალიბანი“ პანჯშირის ხეობაზე სრული კონტროლის მოპოვების შესახებ იუწყება. დაჯგუფების პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, პანჯშირის ხეობაში გამაგრებული აჯანყებული მოწინააღმდეგის ჯარისკაცების ნაწილი ბრძოლაში დამარცხდა, ნაწილი კი გაიქცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„თალიბანის“ განცხადებით, ხეობიდან გაქცეულებს შორის არიან ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ამრულა სალეჰი და წინააღმდეგობის ძალების ლიდერი, აჰმად მასუდი.
„ჩვენ სრულ გარანტიას ვაძლევთ პანჯშირის საპატიო ხალხს, რომ ისინი არ იქნებიან დისკრიმინირებული, ისინი ყველა ჩვენი ძმები არიან, ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას და საერთო მიზანს. ამ ბოლოდროინდელი გამარჯვებებითა და ძალისხმევით, ჩვენი ქვეყანა მთლიანად გამოვიდა ომის მორევიდან და ჩვენს ხალხს ექნება მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის ატმოსფეროში“, - ნათქვამია ავღანური დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.