საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია, კონგრესმენებმა პირველი კომენტარები მედიასთან აეროპორტში გააკეთეს.
ალექს ქსავიერ მუნის განცხადებით, კონგრესმენები შეშფოთებულნი არიან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით.
„ორი წლის წინაც ვიმყოფებოდი საქართველოში, ჩემს კოლეგებთან საუბარში აღვნიშნავდი, რომ მოხარული ვარ ჩემი ვიზიტით გამოვხატავდე აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსადმი.
საქართველო არის აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-სთან“, - განაცხადა კონგრესმენმა.
თავის მხრივ, კეროლ მილერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტი ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას, ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათ შორის ვაჭრობის სფეროზე იქნება საუბარი.
,,ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს მხარდაჭერა მსოფლიოს ამ ნაწილში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ. მნიშვნელოვანია დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, მოუთმენლად ველი, რომ საქართველოში შეხვედრებისას ვისაუბრო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის სფეროში“, - განაცხადა კეროლ მილერმა.
თავის მხრივ, რონალდ ესტესის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა.
„იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ამ ნაწილში განსაკუთრებით ბევრი მოვლენა ვითარდება, მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის პარტნიორობა, როგორიც საქართველოა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. უნდა აღინიშნოს რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებიც, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოზე“, - განაცხადა კონგრესმენმა.
კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა კი განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ,,შესანიშნავი შესაძლებლობაა", გაეცნოს საქართველოს მთავრობის მუშაობას. საქართველომ, ბოლო 20 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების კუთხით.
„ძალიან მაინტერესებს ამ მიმართულებით როგორ მუშაობს მთავრობა და მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები“, - განაცხადა კონგრესმენმა.
ბრაიან სტილის განცხადებით კი, საქართველოში დაგეგმილი შეხვედრებისას ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებს განიხილავენ.
„ძალიან მიხარია, რომ აქ, საქართველოში ვიმყოფები. საქართველოსა და აშშ-ს მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ. შეხვედრებისას განვიხილავთ ვაჭრობის და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა საკითხებს“, - აღნიშნა ბრაიან სტილმა.
ცნობისთვის, კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.