ადგილობრივ არჩევნებს NDI-ის და IRI-ის საერთაშორისო მისიები შეაფასებენ

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შეფასების გრძელვადიანი, საერთაშორისო, მცირე ზომის მისიის დაწყება დააანონსა. შეფასების მისიას წინ უძღოდა NDI-ის მაღალი დონის შეხვედრების სერია, რომლის მიზანიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.

ამასთან, NDI-ის ცნობით, შეხვედრების დროს ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა მხარე დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პრინციპებს დაიცავს.

NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი სამი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და მათი ქართველი თანაშემწეებისგან შედგება. გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები, აგრეთვე, COVID19-ის გავლენა არჩევნებზე. მომავალი თვეების განმავლობაში, NDI აქტიურად იქნება ჩართული საარჩევნო პროცესების გაძლიერებაში და რეკომენდაციების შემუშავებისას გრძელვადიანი ანალიტიკოსების მიგნებებს დაეყრდნობა.

გრძელვადიანი ანალიტიკოსები თბილისში 4 და 5 სექტემბერს ჩამოვიდნენ და საქართველოში კენჭისყრის დღის ჩათვლით დარჩებიან. საქართველოში ყოფნის პერიოდში ისინი სოციალურ დისტანციასა და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ყველა სხვა ზომას დაიცავენ.

„NDI-ის საერთაშორისო მცირე ზომის მისია საქმიანობას მიუკერძოებლად და პროფესიონალურად, საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების საერთაშორისო მისიას იწყებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტუტიც (IRI). მისიის ფარგლებში, 6 კვირის განმავლობაში, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებთან პარტნიორობით, მოწვეული ექსპერტ/ანალიტიკოსები შეაფასებენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს.

ცნობისთვის, ეუთომ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია გახსნა.

ამავე თემაზე: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის