დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების და რეგულაციების შემსუბუქება ნაადრევად მოხდა.
მისივე თქმით, თავის მხრივ მოსახლეობამაც არ დაიცვა რეგულაციები. ამის შესახებ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში განაცხადა.
,,სამწუხაროდ, შეზღუდვები შევამსუბუქეთ იმის გამო, რომ ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი და ადამიანთა ყოფა მძიმე მდგომარეობაში იყო. გეთანხმებით, რომ ნაადრევად მოხდა შემსუბუქება შეზღუდვებისა და გარკვეული რეგულაციების. მეორე მხარე არის თვითონ ჩვენი ქცევა, მოსახლეობის, რომ ჩვენ სამწუხაროდ, არ ვართ კანონმორჩილი ხალხი", - განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე არის თუ არა რეგულაციების შემსუბუქება პოლიტიკასთან დაკავშირებული, NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნები ეპიდსიტუაციის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.
,,არჩევნები თამაშობს როლს ეპიდსიტუაციის განვითარებაშიან დამძიმებაში. არჩევნები არის დაკავშირებული დიდ მობილობასთან. ამ საკითხზე იმსჯელონ პოლიტიკოსებმა. საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები ჩვენ ვართ უმცირესობაში", - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძე ამბობს დღეს, პოლიტიკა ეპიდსიტუაციასთან შედარებით მაღლა დადგა.
,,ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან შედარებით პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა , იმიტომ, რომ შარშან, გაზაფხულზე იყო მეტი სოლიდარობა. დღეს, სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საგუნდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინათაც მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემებით იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შარშან ჯანდაცვის სისტემას, რომ ათასობით ინფიცირებული ჰყოლდა, სისტემა ვერ გაუძლებდა და ჩამოიშლებოდა.
,,შარშან გაზაფხულზე ჩვენ რომ გვყოლოდა სამი, ოთხი ათასი ინფიცირებული დღეში ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშლებოდა. ჯანდაცვის სისტემას ამას ვერ გაუძლებდა, ერთ კვირაში ჩამოიშლებოდა. მერე დაიქოქა საკმაოდ სერიოზულად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.