პარიზში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

საფრანგეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა პარიზში შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ისინი კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის თანახმად სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა პოლიციისთვის ბოროტი განზრახვით ვიდეო ან ფოტო გადაღება.

ოპონენტები ამბობენ, რომ კანონპროექტი ძირს უთხრის პრესის თავისუფლებას, პოლიციის სისასტიკის აღბეჭდვის თვალსაზრისით, მაგრამ მთავრობა აცხადებს, რომ ეს ოფიცრებს პირდაპირი შეურაცხყოფისგან დაიცავს.

პროტესტი პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მუსიკალური პროდიუსერის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას მოჰყვა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარიზის ქუჩებში დაახლოებით 46 000, მთელი საფრანგეთის მასშტაბით კი 133 000 ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაში მონაწილეობის მიზნით.