ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, "ტოცილიზუმაბის" ე.წ შავ ბაზარზე გაყიდვასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ "ტოცილიზუმაბის" ე.წ. შავ ბაზარზე გაყიდვასთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ კლინიკებში მიმდინარეობს მოკვლევა.

"მოკვლევა დაწყებულია ამასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეაგირებაც იქნება. ჯანდაცვის სამინისტრომ გამართა გაფართოებული შეხვედრა კლინიკების ხელმძღვანელებთან, სადაც მათ კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ მარტივი კანონდარღვევაა, როცა პაციენტების ახლობლებს ვუბიძგებთ შეიძინონ მედიკამენტები დაახლოებით, 4-ჯერ, ან 5-ჯერ უფრო ძვირად შავ ბაზარზე, რაც ბადებს არასასიკეთო ეჭვს კლინიკების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ასე არ იყოს, თუმცა არის ერთეული ფაქტები და ამით გამოძიება აუცილებლად დაინტერესდება", - განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი კლინიკების მხრიდან ფინანსურ დაინტერესებას, მინისტრი პასუხობს: "დიახ, სავარაუდოდ. კლინიკებს აქვთ შესაძლებლობა ეს კონკრეტული მედიკამენტი შეიძინონ 1000 ლარად, ხოლო შავ ბაზარზე ის იყიდება 5000 ლარად. ძალიან მაღალია ეჭვია იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიდის ეს 4 000 ლარი".

ამავე თემაზე:

რა გახდა „ტოცილიზუმაბის“ დეფიციტის მიზეზი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თამარ გაბუნია: "ტოცილიზუმაბი" პაციენტის ოჯახმა არ უნდა იყიდოს, არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს