ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას, 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კოლესნიკოვას თანამოაზრეს, მაქსიმ ზნაკს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
კოლესნიკოვა და ზნაკი დამნაშავედ ცნეს ბელარუსიის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო ქმედებებისკენ მოწოდება და შეთქმულება, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. მაქსიმალური სასჯელი, რომელიც ამ ბრალდებებით შეიძლებოდა მათთვის წაეყენებინათ, 12-წლიანი პატიმრობა იყო.
ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კოლესნიკოვა და მაქსიმ ზნაკი, 2020 წლის 9 სექტემბერს დააპატიმრეს.
აშშ ბელარუსის ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"ბელარუსის ოპოზიციის ლიდერების, მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკის გასამართლება და სასჯელი უსამართლოა. მოვუწოდებთ ლუკაშენკოს რეჟიმს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ისინი და ყველა სხვა პოლიტპატიმარი", - წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.
გერმანიის მთავრობამ მარია კოლესნიკოვას და მაქსიმ ზნაკის განაჩენი უსაფუძვლო უწოდა.
"ჩვენ ვგმობთ განაჩენს და იმ ფაქტს, რომ ბელორუსიაში მართლმსაჯულების სისტემა გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის”, - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, კოლესნიკოვასა და ზნაკის განაჩენი იყო თავდასხმა დემოკრატიის დამცველებზე.
"პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ყოფნა, მხოლოდ დაამძიმებს გარიყულის სტატუსს, რომელშიც არიან ალექსანდრე ლუკაშენკო და მისი რეჟიმი"- თქვა რააბმა.
ბელარუსის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროკავშირიც გამოეხმაურა.
"ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს მინსკის რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისადმი უხეში დარღვევისა და უპატივცემულობის გამო", - განმარტავს ევროკავშირის წარმომადგენელი.