დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ღამის ცხოვრების მოყვარულებს, სექტემბრის ბოლოდან, კლუბებში შესასვლელად კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის ვაქცინების მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ, ბრიტანულ მედიას განუცხადა, რომ ღამის კლუბებისა და სხვა მსგავსი ხალხმრავალი, დახურული ადგილების სტუმრებს სექტემბრის ბოლოდან მოუწევთ, დაამტკიცონ თავიანთი ვაქცინაციის სტატუსი ოფიციალური პასტორტით.
ზაჰავის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ღამის ცხოვრების ინდუსტრიასთან თანამშრომლობს, რათა უზრუნველყოს ადგილების "უსაფრთხოდ" გახსნა.
როგორც Euronews-ი წერს, ახალი რეგულაცია მოქმედებს მხოლოდ ინგლისში, ხოლო შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლებამ თავად უნდა გადაწყვიტოს შემოიღებენ თუ არა აღნიშნულ რეგულაციას.
ინგლისში კოვიდპასპორტების მოთხოვნის გეგმები თავდაპირველად, ამ წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოითხოვა.
"მე არ მინდა ღამის კლუბების დახურვა ისე, როგორც სხვაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ღამის კლუბებმა უნდა გააკეთონ სოციალურად პასუხისმგებელი საქმე" ,- განაცხადა ჯონსონმა ივლისში გამართულ პრესკონფერენციაზე.