კიევში რუსეთ-უკრაინის მეგობრობის ძეგლი აიღეს

კიევში, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დედაქალაქებს შორის მეგობრობის მემორიალური ნიშანი აიღეს, რომელიც 2001 წელს დამონტაჟდა. ამის შესახებ კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა ალინა მიხაილოვამ განაცხადა.

მიხაილოვას თქმით, ამჟამად, მემორიალური ნიშანი რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციაში ინახება და მომავალში იგეგმება მისი გადატანა "ტოტალიტარიზმის მუზეუმში".

მისივე განცხადებით, ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობა შეუძლებელია მანამ, სანამ "რუსეთის პრეზიდენტი მუხლებზე დაცემული უკრაინელ ხალხს ბოდიშს არ მოიხდის".

"მეგობრობა არ გულისხმობს მკვლელობას, ტყუილს. მეგობრობა, თუკი ოდესმე არსებობდა, დაასრულა სევასტოპოლის, დონეცკის და ლუგანსკის ოკუპაციამ. მომავალში მეგობრობა შეუძლებელია მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს უკრაინის მიწას, არ აანაზღაურებს ზარალს და სანამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს ბოდიშს მუხლებზე დაცემული არ მოუხდის", - წერს მიხაილოვა facebook-ზე.