მოქალაქის კოვიდსტატუსის დასადგენად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შექმნილია სპეციალური "Covid Pass" აპლიკაცია, რომელიც QR კოდის მეშვეობით ადგენს მოქალაქის კოვიდსტატუსს. ამის შესახებ ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გარდა აღსრულების მექანიზმისა, სამინისტრო მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის. ამ მიმართულებით, სამინისტროს გუნდა შეიმუშავა სპეციალური აპლიკაცია, კოვიდსტატუსის დადების მიზნით, ე.წ Covid Pass-ის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას. მოგეხსენებათ, რომ ბევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენთან, ე.წ მწვანე ზონებზე აქტიურად მიმდინარეობს საუბრაი. ამ აპლიკაციაში აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალის მონაცემების სრული დაცვა. ამ აპლიკაციის დადასტურებით, მოქალაქე ეთანხმება მისი მონაცემების დამუშავებას", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით, აპლიკაციაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:

PCR ტესტის უარყოფით პასუხს (ბოლო 72 საათის განმავლობაში);

სწრაფი ტესტის უარყოფითი სტატუსი (24 საათის განმავლობაში);

ვაქცინაციის სრული, ორი დოზის ჩატარების შესახებ;

კოვიდის გადატანის თარიღი (ბოლო 6 თვის განმავლობაში).

როგორც ბექა ფერაძე განმარტავს, პირველ ეტაპზე ორგანიზაციებში აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

მისივე თქმით, აპლიკაციის გამოყენება მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი.

როგორც ბექა ფერაძე აღნიშნავს, თუ მოქალაქეს აპლიკაციის გამოყენება არ შეუძლია, მას ამობეჭდვის საშუალება ექნება.