პირველკლასელები საკლასო ოთახებში სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების სამინისტრო აცხადებს.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, მათ აქვთ არჩევანის საშუალება, სურვილის შემთხვევაში, პირველკლასელთა სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში დაიწყონ, 4 ოქტომბრიდან კი იმოქმედებენ საჯარო სკოლებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. მსგავსი წესი გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზეც.

„საკოორდინაციო საბჭო შემდეგ გადაწყვეტილებაზე 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს. ასევე, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წინა სემესტრის მსგავსად ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მოქნილ სისტემას შესთავაზებს სასკოლო საზოგადოებას. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ცხადია, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ამავე თემაზე:

ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება