უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს დღეს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა დაუსწრელად მიუსაჯა. დავით კეზერაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.

პროკურატურა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას. კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ პირველ და მეორე ინსტანციაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნები ნამდვილად ჩატარდა და სასამართლომ გადაწყვეტილება კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დავით კეზერაშვილი მისი და ტელეკომპანია „ფორმულას” დაშინების მცდელობად აფასებს და ამი ორგანიზატორად ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს. აქვე აღნიშნავს, რომ ევროსასამართლოს მიმართავს.

„თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს - მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს. ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია.

სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში“, - აცხადებს დავით კეზერაშვილი გავრცელებულ განცხადებაში.

2017 წელს სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ პერიოდში გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.