ჯანმოს ექსპერტი: მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების კუთხით, პლატოს მივაღწიეთ

„მსოფლიომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით პლატოს მიაღწია, თუმცა პლატოს ინტენსივობა მაღალია“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვემ ონლაინ კონფერენციაზე.

მისი თქმით, ყოველკვირეულად ვლინდება დაინფიცირების ინფიცირების 4.4-4.5 მილიონი შემთხვევა და 72-78 ათასი გარდაცვალების ფაქტი.

მარია ვან კერკჰოვეს განცხადებით, პლატოს მიუხედავად, ზოგიერთ რეგიონში განსხვავებული ვითარებაა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 7 დღეში, აშშ-ში ინფექციის გავრცელების დონე 12 პროცენტით გაიზარდა.

მარია ვან კერკჰოვემ განმარტა, რომ ვაქცინაციამ ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეამცირა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ასევე უნდა აღინიშნოს დაავადების ადრეული დადგენის ფაქტები, რაც მკურნალობას უწყობს ხელს“, - აღნიშნა მარია ვან კერკჰოვემ.

ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტის თანახმად, მსოფლიოში სულ კოვიდინფექციის 221,543,937 შემთხვევაა აღრიცხული. 4,581,396 გარდაიცვალა. ადმინისტრირებულია 5,517,167,771 ვაქცინა.