Europetime-მა ამერიკელი კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი ექსკლუზიურად ჩაწერა. კონგრესმენმა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
„მე ვფიქრობ, ეს კარგი პერსპექტივაა, რადგან თავისუფალი ვაჭრობა არის ის, რაც უკვე ხდება მსოფლიოში. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა კარგი შესაძლებლობაა“, - განუცხადა ალექს ქსავიერ მუნმა Europetime-ს.
რაც შეეხება პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხს, განსაკუთრებით დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგალითად, პორტებში. ალექს ქსავიერ მუნი აცხადებს, რომ ეს ამერიკის ინტერესებშია.
„მე ვფიქრობ, რომ ამერიკის ინტერესებშია, მსოფლიოს ინტერესებშია ასეთი ინვესტიცია“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა Europetime-თან.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი კონგრესმენები ამ თემებზე 7 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ელჩსაც ესაუბრნენ.
„კმაყოფილი დავრჩი, როცა ვნახე, რომ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტმა, მიიღო შესწორება, რომელშიც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, მსგავსად „საქართველოს მხარდამჭერი აქტისა“, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე, მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძალისხმევის და მეტი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა.
ჩვენს ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.
საქართველოში მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის წახალისების აუცილებლობას გაუსვა ხაზი სენატორმა რობ პორტმანმა, როდესაც მისივე კოლეგა ჯინ შაჰინთან ერთად ივნისში სტუმრობდა საქართველოს და Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.
„ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით.
ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
Europetime-მა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერიც ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ასევე ივნისში ეწვია რეგიონული ტურნეს ფარგლებში.
ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა.
მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან.
შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს.
ამავე თემაზე: