მადლენ ოლბრაიტი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხით დაინტერესდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისივე ცნობით, მადლენ ოლბრაიტმა ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარემ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლენ ოლბრაიტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდეს, რათა არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს.

ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არჩევნებამდე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლები ესტუმრებიან, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ლიდერები და ყოფილი დიპლომატები.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე თემაზე: ადგილობრივ არჩევნებს NDI-ის და IRI-ის საერთაშორისო მისიები შეაფასებენ

NDI საქართველოში ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამას იწყებს