ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ დიღმის მთავარ სამმართველოში მოინახულა. ადვოკატის თქმით, მას ბრალდებულთან პირისპირ საუბრის საშუალება არ მიეცა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანა მოითხოვა.

ბრალდებულს სავარაუდოდ, დღეს დაკითხავენ.

„ვინაიდან, არ მომეცა საშუალება, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს შევხვედროდი ერთი-ერთზე, რომ ჩვენს შორის საუბარი ყოფილიყო კონფიდენციალური, მოვითხოვე, გადაიყვანონ დროებითი მოთავსების იზოლატორში, გადაიყვანენ, შევხვდები და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები დეტალებზე. საქმის მასალები ჯერ არ გადმოუციათ, დაკავების ოქმი გადმომცეს, მხოლოდ მას გავეცანი. გადაიყვანენ და დღესვე ვაპირებ შესვლას", - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

ბრალდებულს, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯერ უცნობია, აღიარებს თუ არა ის ბრალს.

როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს.

ამავე თემაზე:

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს