კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო შეისწავლის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მიკვლეულ არქეოლოგიურ აღმოჩენას. ამის შესახებ სააგენტოში უთხრეს რადიოს თავისუფლებას.
ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგებმა იპოვეს ქვა, რომელიც შუა საუკუნეებს განეკუთვნება და მასზე არსებული წარწერა ქართული ასომთავრული დამწერლობის ნიმუშია.
აღმოჩენის შესახებ ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა აზამატ ახმაროვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, აღმოჩენა უნიკალურია იმდენად, რამდენადაც „მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულ ტექსტთან. აქამდე ჩეჩნეთში ნაპოვნი მსგავსი ძეგლები შეიცავდა მხოლოდ რამდენიმე ნიშნისგან შემდგარ მოკლე ფრაზებს“.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, პირველადი შესწავლის ნიადაგზე, აშკარაა, რომ ეს არის ვაინახურ ენაზე გაკეთებული წარწერა, რომლისთვისაც გამოყენებულია ქართული ანბანი. ადრეულ შუა საუკუნეებში ძლიერი კულტურული ასიმილაციის ნიადაგზე, არა მხოლოდ ვაინახები, არამედ სხვა ხალხები, ოსები, ინგუშები, იყენებდნენ ქართულ ასომთავრულ დამწერლობას და ეს თავისთავად სიახლე არ არის. მსგავსი არქეოლოგიური არტეფაქტები მრავლადაა მიკვლეული ამ ტერიტორიაზე.
ასევე ნახეთჩეჩნეთში არქეოლოგებმა იპოვეს ქვა შუა საუკუნეების ქართული ტექსტით„წარწერაზე იკითხება „ქრისტე“ და არის ასევე გარკვეული სახელები მოხსენიებული. ეკუთვნის თუ არა ეს სახელები რაიმე საკულტო ნაგებობის ქტიტორებს, თუ ეს არის საფლავის ქვის ნაწილი და დაკავშირებულია თუ არა წარწერა საფლავთან, ეს სამეცნიერო კვლევის საგანია და იქნება გამოკვლეული და სრულფასოვანი პასუხი გაეცემა“, - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
სადაც ასევე ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა ასახავს ადრეული შუა საუკუნეების ტენდენციებს ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, სადაც ჩეჩნურ-ვაინახული ეთნოსი სახლობდა და იყენებდა ქართულ დამწერლობას. სააგენტოს განმარტებით, საბოლოოდ, ასეთი აღმოჩენები, როგორც წესი, სამუზეუმო ექსპონატებს შორის ხვდება ხოლმე.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეციერებათა აკადემიის არქეოლოგებმა ქვა, რომელიც სავარაუდოდ შუა საუკუნეების დროინდელია, იტუმ-კალინსკის რაიონში, ბაულოის დასახლებაში, მეჩეთის ნანგრევების დათვალიერებისას იპოვეს. მასზე დატანილია ასომთავრულით შესრულებული, 24 ასოსგან შემდგარი ტექსტი. არტეფაქტი გროზნოს არქეოლოგიური კვლევების ცენტრშია გადატანილი.