ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი ობიექტები გამოავლინეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, ის დაწესებულებები შეამოწმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით, აკრძალვის მიუხედავად საქმიანობდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ „რეფორმერი ფიტნესი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა.

„თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ბათუმში რესტორანი შპს „დიანა“ - ე.წ. „კიდობანი“. ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა.

გარდა ამისა, შრომის ინსპექციამ თბილისში ღამის კლუბებიც შეამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. ამის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს განაგრძობს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.