ასეთი პატივით ბოლოს საფრანგეთში, 2019 წელს, პრეზიდენტი ჟაკ შირაკი გააცილეს - ასე აღწერს დღეს ტელეკომპანია France24 კინოს ლეგენდის ჟან-პოლ ბელმონდოსადმი მიძღვნილ ცერემონიალს. ფრანგ მსახიობს, რომელსაც საფრანგეთში Bébel-ის სახელით მოიხსენიებდნენ, პარასკევს დაკრძალავენ. მანამდე კი, სპეციალურად პატივის მისაგებად ღონისძიება „ინვალიდების სახლის“ სამხედრო მუზეუმის ეზოში გაიმართა.
დღეს, ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში გაიხსენა ფრანგი ვარსკვლავის სიტყვები: „ბელმონდო ამბობდა, ცხოვრება ასეთია, ერთ დღეს ვტირით, მეორე დღეს ვიცინით, და... პირიქით.. "დღეს ჩვენ ყველანი ვტირით", - თქვა ჟურნალისტმა. პარალელურად კი ეკრანზე გადიოდა იშვიათი კადრები ცერემონიიდან, რომლის მონაწილეებმაც ფრანგ მსახიობს პატივი მიაგეს, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და სპორტის ვარსკვლავები.
„ჩვენ გვიყვარს ბელმონდო, რადგან ის ჩვენი მსგავსია, ჩვენ ყველამ საკუთარი თავი ამოვიცანით მასში, ის ეროვნული საგანძურია “, - ეს სიტყვები წარმოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცერემონიაზე და დაამატა, რომ ბელმონდო ფრანგული კინოს უბადლო ვარსკვლავია.
„ჩვენ ვიზრდებოდით ფილმიდან ფილმამდე, აი, ეს იყო ბელმონდო“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომ ცერემონიალისთვის სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანებზე ედევნებინა თვალი.
„ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს გზა 60 წლის წინ. განადგურებული ვარ, მეგობარი დავკარგე. ერთმანეთს 60 წლის განმავლობაში ვიცნობდით და ერთად ვმუშაობდით. ცუდი არ იქნებოდა, ორივე ერთად წავსულიყავით“, - ეს კი ალენ დელონის სიტყვებია ჟან-პოლ ბელმონდოზე.
ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ჟან-პოლ ბელმონდომ პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - სეზარის გამარჯვებული, კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“. 2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟან-პოლ ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.