შს მინისტრი: ყვარელში მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე და ის კახეთიდან არის.

„მადლობა ყველას, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანამშრომლებს, ვინც შიგნით იყო, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, როგორც მძევლები ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება მოთხოვნებს, მინისტრის თქმით, თავდამსხმელი სხვადასხვა თანხას ითხოვდა.

„ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს. არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღესვე ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.

უწყების ინფორმაციით, ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია