ევროპარლამენტმა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი Twitter-ზე წერს.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ ევროპარლამენტიდან სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისია ემზადებოდა საქართველოში ჩამოსასვლელად.

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას.

ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ცნობისთვის, მანამდე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა (ევროპის სახალდო პარტიის ჯგუფი, ქრისტიან დემოკრატები) Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა იგეგმებოდა.

ამავე თემაზე: ადგილობრივ არჩევნებზე ცესკოში ამ დროისთვის 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციია დარეგისტრირებული