მსოფლიოში უდიდესმა ნახშირორჟანგის მშთანმთქმელმა ქარხანამ მუშაობა დაიწყო

ისლანდიაში, მსოფლიოს უმსხვილესმა ქარხანამ, რომელმაც ჰაერიდან ნახშირორჟანგი უნდა შთანთქას და ქვებად გადააქციოს, მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ქარხანას Orca ჰქვია, რაც ისლანდიურად "ენერგიას" ნიშნავს. ის შედგება ოთხი განყოფილებისგან; თითოეული მათგანი ლითონის ორი ყუთისგან არის აგებული და გემის კონტეინერებს ჰგავს. აშენებულია შვეიცარიული კომპანია Climeworks-ისა და ისლანდიის Carbfix-ის მიერ.

კომპანიის თქმით, სრული დატვირთვით მუშაობისას, ქარხანა ჰაერიდან წელიწადში 4000 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ეს დაახლოებით 870 ავტომობილის გამონაბოლქვს უდრის.

Bloomberg-ის ცნობით, ქარხნის მშენებლობა 10-დან 15 მილიონ დოლარი დაჯდა.

ნახშირორჟანგის შესაგროვებლად ქარხანა ვენტილატორებს იყენებს, რომლებიც ჰაერს კოლექტორისკენ მიმართავენ, რომელსაც შიგნით ფილტრები აქვს. მას შემდეგ, რაც ფილტრების მასალა ნახშირორჟანგით აივსება, კოლექტორი იხურება და ტემპერატურა იქამდე იწევს, რომ ფილტრიდან CO2 გამოიყოს, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება ძლიერ კონცენტრირებული აირის შეგროვება. ამის შემდეგ, CO2 წყალში ერევა და 1000 მეტრის სიღრმეში ეშვება, ახლომდებარე ბაზალტის ფორმაციაში, სადაც ის ქვავდება.

ე.წ ნახშირორჟანგის შეგროვებისა და შენახვის მომხრეები თვლიან, რომ ეს ტექნოლოგია შეიძლება გახდეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მთავარი ხელსაწყო. თუმცა, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს ტექნოლოგია ჯერ წარმოუდგენლად ძვირია და დიდი მასშტაბებით მის დანერგვას შეიძლება ათწლეულებიც დასჭირდეს.