შოტლანდიაში, ღამის კლუბებში შესასვლელად და დიდ ღონისძიებებზე დასასწრებად კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო ხდება

პირველი ოქტომბრიდან, შოტლანდიაში ღამის კლუბებში შესასვლელად და დიდ ღონისძიებებზე დასასწრებად კოვიდპასპორტის წარდგენა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, მოქალაქეებმა სწორედ კოვისპასპორტის საშუალებით უნდა დაამტკიცონ, რომ სრულად ვაქცინირებულები არიან.

ახალი წესის თანახმად, 18 წელს გადაცილებულებს კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ:

1. ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ დაწესებულებებში, ასევე დახურულ სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე, რომლებსაც 500 მეტი მაყურებელი ესწრება.

2. გარე სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე, რომლებსაც 4 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრება;

3. ნებისმიერ ღონისძიებაზე, რომელსაც 10 000 -ზე მეტი ადამიანი ესწრება. მათ შორის სპორტულ ღონისძიებებზე, განსაკუთრებით საფეხბურთო მატჩებზე, ასევე კონცერტებსა და მუსიკალური ფესტივალებზე.

გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვები და ის ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაციის ჩატარებაზე უარის თქმის საპატიო მიზეზი აქვთ.

BBC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულებს უკვე შეუძლიათ ჩამოტვირთონ ან მიიღონ სერთიფიკატის ქაღალდის ასლი QR კოდით.

ცნობისთვის, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში მსგავსი სქემის დანერგვა არ იგეგმება.