ჩვილი, რომელიც დღენაკლული დაიბადა და 550 გრამს იწონიდა, კლინიკიდან გაწერეს

ჩვილი, რომელიც დღენაკლი 25-ე კვირაზე დაიბადა და 550 გრამს იწონიდა, ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებიდან დღეს გაეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი "ბაო" ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კლინიკაში ბავშვს სამი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ.

"ლივია ღრმად დღენაკლი 25-ე კვირაზე დაიბადა. შემდეგ იყო ძალიან რთული გზა ბევრი პრობლემით, უძილო ღამეებითა და პატარ-პატარა გამარჯვებებით, განცდებითა და ემოციებით ...

დედა, რომელიც ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რომ პაწაწუნა ლივია ექიმებთან ერთად აუცილებლად დაძლევდა ამ ყველაფერს და ყველას თავად აიმედებდა

სამი თვის შემდეგ ყველამ ერთად სასწაული მოვახდინეთ, გავიმარჯვეთ და ლივია უკვე თავის მშობლებთან და უფროს და-ძმებთანაა.

დღეს ჩვენი საყვარელი გოგონა ყველა იმ ადამიანმა გააცილა, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა მის გადარჩენაში", - ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.