აზერბაიჯანში, არავაქცინირებული მასწავლებლები სკოლებში არ დაიშვებიან

აზერბაიჯანში, არავაქცინირებული მასწავლებლები სკოლებში არ დაიშვებიან.

განათლების მინისტრის განცხადებით, დღეისათვის ქვეყანაში მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 80% აცრილია. მისი თქმით, მასწავლებლები, რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინის გაკეთებაზე, სამუშაოდ არ დაიშვებიან.

ერთადერთი გამონაკლისი იქნება ის შემთხვევა, როდესაც არავაქცინირებული მასწავლებელი ჯანმრთელობის მიზეზების გამო წარადგენს ვაქცინის უკუჩვენების მოწმობას.

ასევე სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში არ დაიშვებიან არავაქცინირებული მშობლებიც.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთდროულად არაუმეტეს 50-60 სტუდენტს შეუძლია ლექციებზე დასწრება. სტუდენტებისთვის კოვიდპასპორტის წარდგენა ითვლება კლასებში მათი დაშვების წინაპირობად.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლას დაიწყებენ 22 სექტემბერს - ჩვეულებრივზე ერთი კვირით გვიან. უმაღლესი სკოლის მოსწავლეები, ისევე როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, სასწავლო წელს იწყებენ 29 სექტემბერს.