თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია "საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა

პარტია "კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია "საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა.

მისი თქმით, ორგანიზაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაფუძნდა.

"ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, ეს გამორიცხულია, რომელსაც ჰქვია "საერთო სახალხო მოძრაობა". ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით. შექმნა დანგრეული, ჩამოშლილი, ჩაბნელებული საქართველოდან - სახელმწიფო და დააყენა ფეხზე",- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა ბრიფინგზე.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ძალიან ცუდი დრო დადგა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა აუცილებელია.

"საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. ის უნდა მობრუნდეს. მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი. მან ეს უკვე დაამტკიცა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა არჩევნებისთვის დააანონსა.