ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

სანქციების მოქმედების ვადა 2022 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა.

არსებული შემზღუდავი ზომები ითვალისწინებს მოგზაურობის შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას. სანქციები ვრცელდება 177 პირის და 48 კომპანიის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ევროკავშირის შეზღუდვები რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვითი სექტორების წინააღმდეგაა მიმართული. თავდაპირველად ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა. 2015 წლიდან სანქციები მინსკის შეთანხმებების შესრულებაზეა მიბმული.