თამარ გაბუნია: მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ს აღემატება

მასწავლებლების ვაქცინაციის დონე არ არის ცუდი, ვაქცნირებულთა რაოდენობა 50%-ს აღემატება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთი დოზიც აცრილი მასწავლებლების რაოდენობა აღმეატება სრულად ვაქცინირებულ მასწავლებელთა რაოდენობას.

"ერთჯერ ვაქცინირებულები უფრო მეტია, ზოგიერთ რეგიონში უკეთესი მაჩვენებელია. რაც ბუნებრივია, კარგია, თუმცა სრულად საკმარისი არ არის, რადგან უმრავლესობა უნდა იყოს ვაქცინირებული, იმისთვის რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ სკოლა ან რომელიმე სხვა გარემო არის უსაფრთხო. რა თქმა უნდა, გრძელდება მასწავლებლების ორგანიზებული აცრების პროცესი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია სტუდენტებში.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების ვაქცინაცია. გასაკვირია, ახალგაზრდები უფრო მეტად აქტიურად იღებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და ალბათ, მათთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო ვაქცინაციის პროცესში ადრეული ჩართულობა, თუმცა არ არის მაღალი მაჩვენებელი. დაახლოებით 27-30%-ია", - განაცხადა თამარ გაბინიამ .