ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, საბინე მახლს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცერლებს.
უწყების ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გაეროს გუნდსა და საქართველოს შორის მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესში, საქართველოში გაეროს გუნდის მიერ გაწეულ ძალისხმევებსა და საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით, გაეროს მნიშვნელოვან როლზე.
"მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტის თაობაზე. ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა 2020 წლის 2 ოქტომბერს, განსაზღვრავს მომავალი 5 წლისთვის საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობის გეგმას და მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი განვითარებისთვის, 2030 დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერას.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა დოკუმენტში წარმოდგენილ საქართველოს განვითარების ეროვნულ პრიორიტეტებზე.
მათ შორის, ხაზი გაესვა, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, შექმნილი სავალალო ვითარების თაობაზე გაეროს წარმომადგენელს შეხვედრისას მიეწოდა დეტალური ინფორმაცია", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.