კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს ვაქცინაციისკენ მოუწოდა

კვიპროსის უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდური გადაწყვეტილების თანახმად, კვიპროსის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა შეასრულონ სახელმწიფოს მოთხოვნა და ჩაიტარონ კოვიდასწინააღმდეგო ვაქცინაცია. ინფორმაციას "მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან, რომელმაც თავის მრევლს სინოდური გადაწყვეტილების დონეზე მოუწოდა აცრისკენ!

"შეგახსენებთ, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმთავარი ანტივაქსერული განწყობის იყო, რის გამოც ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა მოიწვია სინოდის საგანგებო სხდომა, სადაც ასევე მოწვეული იყო კვიპროსის პრეზიდენტი და მეცნიერთა ჯგუფი.

უნეტარეს ქრიზოსტომოსსა და ვაქცინის მოწინააღმდეგე მორფუს მიტროპლიტ ნეოფიტეს შორის სინოდის დახურულ სხდომაზე გაიმართა აპოლოგია (სიტყვისგება), სადაც მორფუს მიტროპლიტი დამარცხდა, რადგან მან თავისი კონსპირაციული და აფსურდული თეორია ვაქცინაციის წინააღმდეგ ვერ დაასაბუთა ( ის თვლიდა რომ ვაქცინა რწმენაში ნაკლულევანების გამოხატულებაა და შეიცავს ნანოტექნოლოგიურ ვირუსებს).

მორფუს მიტროპლიტს და ყველა ვაქცინის მოწინააღმდეგე მღვდელმსახურს მოეწოდა, დაუყონებლივ შეწყვიტონ ანტივაქსერული პროპაგანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება მათი წმინდა ეკლესიიდან განკანონების საკითხი.

სინოდის განჩინების ერთ-ერთ მუხლზე, რომელიც მრევლის ვაქცინაციისკენ მოწოდებას ეხება, მეტი განმარტებისთვის პაფუს მიტროპლიტმა გიორგიმ დასძინა : ღმერთმა მოგვცა თავისუფალი გონება, ამ გონებამ შექმნა მეცნიერება, ამ მეცნიერებამ გამოიგონა წამალი რომელიც ღვთის ყველაზე დიდ საჩუქარს სიცოცხლეს დაიცავს და ამაზე უარის თქმა უფრო დიდი დანაშაულია! ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.