აშშ-ში, ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა გაორმაგდა. ამის შესახებ აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციაში (TSA) განაცხადეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ახალი რეგულაციების მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო მოქალაქე 500 -1 000 დოლარის ოდენობით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი - 1 000 - 3 000 დოლარით.
როგორც ცნობილია, ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ თვეში, 18 იანვრამდე გაახანგრძლივა თვითმფრინავში, ავტობუსებსა და მატარებლებში ნიღბების ტარების ვალდებულება.
ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოების ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით, ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის აცრა სავალდებულო გახდება. ამასთან ერთად, კომპანიებს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, თანამშრომლების აცრას ან რეგულარულ კოვიდტესტირებას დაავალდებულებენ.