მედია: ერაყში საქართველოს მოქალაქეებმა 4 კგ ოქრო და 2,6 მლნ. დოლარი მოიპარეს

ერაყის ქურთისტანში, დაჰუკის საგუბერნატოროში, ბიზნესმენის სახლიდან 2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ძარცვაში ქართველები მონაწილეობდნენ.

პოლიციის ცნობით, ძარცვაში 4 პირი მონაწილეოდა. ორმა ძარცვა დაგეგმა, ორმა კი - განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მძარცველებს შორის იყო ქალი, რომელიც უკვე 5 თვეა, რაც ამ ოჯახში მუშაობს. უშუალო მძარცველები საქართველოდან 31 აგვისტოს ჩავიდნენ.

პოლიცია აცხადებს, რომ სახლში მყოფმა ქალმა მძარცველებს ფანჯარა ღია დაუტოვა და სახლის გასაღები გადასცა. რადგან სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ, მძარცელებმა შეძლეს ფულის მარტივად მოპარვა.

პოლიციამ ფული და ოქრო ამოიღო, თუმცა მძარცველების დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მათ ქვეყანა დატოვეს.