პრემიერი: საქართველო აშშ-სა და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად

11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავი გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

"დღეს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების 20 წლისთავი აღინიშნება. 11 სექტემბერი ცხადად გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ. საქართველო შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, რათა მსოფლიო უკეთეს და მეტად უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილად იქცეს ამ სამყაროში",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერის დილას ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთი გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა.