სუს-ი სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მათ ადრე დამონტაჟებულ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან მავთულხლართები გაავლეს.

ტახტისძირში განვითარებული მოვლენების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლიდან ფიქსირდება.

"ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფ. გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლიდან ფიქსირდება.

მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან არსებულ საოკუპციო ღობის შიგნით საოკუპციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ გავლეს მავთულხლართები.

საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი ხაზი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი.

უკანონო ე.წ. ბირდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.