"თალიბანის" მებრძოლებმა მოკლეს როჰულა სალეჰი, ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ამრულ სალეჰისა უფროსი ძმა, რომელმაც ქვეყანაში "თალიბანის" მოსვლის და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა თავი. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
როჰულა სალეჰი "ანტი-თალიბანური" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი მკვლელობის შესახებ მისმა ძმისშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტის ძმა "თალიბებმა" სიკვდილით დასაჯა და ნათესავებს მისი დაკრძალვის უფლება არ მისცეს.
"მათ სიკვდილით დასაჯეს ჩემი ბიძა" - განუცხადა ებადულა სალეჰმა Reuters-ს ტექსტურ შეტყობინებაში. "მათ მოკლეს ის და არ მოგვცეს დასაფლავების უფლება. ისინი ამბობდნენ, რომ მისი სხეული უნდა გაფუჭდეს".
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როჰულა სალეჰი, მოკლეს ფანჯშირის ხეობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც სალეჰი ფანჯშირიდან ქაბულში წასვლას გეგმავდა. ქაბულიდან 100 კილომეტრში მდებარე ფანჯშირის ხეობა ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ ელვისებურად გაიმარჯვეს სამთავრობო ჯარებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"თალიბანის" საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როჰულა სალეჰი ფანჯშირში ბრძოლის დროს დაიღუპა.
ცნობისთვის, რადიკალურმა დაჯგუფება თალიბანმა, რომელმაც ხელთ იგდო ძალაუფლება ავღანეთში, 7 სექტემბერს ქვეყნის ახალი ხელისუფლების შემადგენლობა დაასახელა.