ქაბულში, "თალიბანის" მხარდამჭერმა ქალებმა აქცია გამართეს

300-მდე ავღანელმა ქალმა, რომელთაც სახე და სხეული თითქმის მთლიანად დაფარული ჰქონდათ, ქაბულში "თალიბანის" მხარდამჭერი აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 300-მდე ქალი ქაბულის უნივერსიტეტის ერთ-ერთ სალექციო დარბაზში შეიკრიბა. აქციის მონაწილეებიდან ზოგიერთს სახე მთლიანად ჰქონდა დაფარული ბურკით, სხვებს კი ეხურათ ნიკაბი, რომელიც ფარავს მთელ სახეს, გარდა თვალებისა. ზოგიერ მათგანს შავი ხელთათმანებიც ეცვა. მათ გენდერული სეგრეგაციის თაობაზე "თალიბანის" მკაცრ პოლიტიკას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ისინი ემხრობიან ქალებისთვის თავსაბურავის სავალდებულო ტარების გადაწყვეტილებასაც.

ისლამისტების მხარდამჭერი აქცია "თალიბანის" ნებართვით ჩატარდა. შეკრებილები "თალიბანის" დროშებს აფრიალებდნენ. ორგანიზატორების თანახმად, აქციაში სტუდენტები მონაწილეობდნენ.

"ისინი, ვინც არ ატარებენ ჰიჯაბს, ყველა ჩვენგანს აზიანებენ", - თქვა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, შაბანა ომარიმ.

კიდევ ერთმა გამომსვლელმა განაცხადა, რომ თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ისტორია შეიცვალა, ქალები კი "უსაფრთხოდ იქნებიან".

მათ ასევე დაიცვეს ავღანეთის ახალი მთავრობა, რომელმაც აკრძალა დემონსტრაციები, თუ იუსტიციის სამინისტროს ნებართვას არ მიიღებს.

როგორც France24 წერს, ქალთა უფლებები ავღანეთში მკვეთრად შეიზღუდა "თალიბანის" 1996-2001 წლებში მართველობის დროს, მაგრამ გასულ თვეს, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ განახორციელებენ ნაკლებად ექსტრემალურ წესს.