"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უარს ამბობს ოთხი ტელევიზიის - "მთავარი არხის", "ფორმულას", "კავკასიისა და "TV პირველის" საერთო ეთერში, ნიკა მელიასთან და გიორგი გახარიასთან დებატებში მონაწილეობის შეთავაზებაზე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან არასდროს თქვენთვის არ მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც აკეთებთ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზეც გადავიდნენ. ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია",- განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზად არის თბილისის მერობის ყველა კანდიდატთან დებატებისთვის ნეიტრალურ ტელევიზიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ოპონენტები ამბობენ, თითქოს მას ეშინია, კალაძემ უპასუხა: "კი, აი, შიშით ფეხი მიკანკალებს, თვრამეტივე თუ თექვსმეტივე დადგეს. მზად ვარ, ნეიტრალურ ტელევიზიაში, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" იყვნენ წარმოდგენილი".
ცნობისთვის, ტელეკომპანიებმა "ფორმულამ", "მთავარმა არხმა", "ტვ პირველმა" და "კავკასიამ" 10 სექტემბერს საჯაროდ მიიწვიეს დებატებზე თბილისის მერობის სამი კანდიდატი, რომლებიც, მათი განცხადებით, ბოლო გამოკვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ. ეს კანდიდატები არიან: კახა კალაძე, ნიკა მელია და გიორგი გახარია
სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, 22:00 საათზე.