20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტებიდან

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა.

08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა...

ამ წუთებში ნიუ-იორკში მიმდინარეობს ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნის ცერემონია, სადაც მსხვერპლთა სახელებს კითხულობენ.

ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.

ტროტუარების ნაწილზე რკინის ღობეებია განლაგებული.

ღონისძიებაზე იმყოფებიან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე 41-ე, 42-ე და 44-ე პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში, ბილ კლინტონი და ბარაკ ობამა.