11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავთან დაკავშირებულ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელებს ეროვნული ერთიანობის დემონსტრირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ ერთიანობა აშშ-ის უდიდეს ძალად დარჩა.
„ჩვენ ვისწავლეთ, რომ ერთიანობა არის ის, რაც არასოდეს უნდა დაირღვეს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ნიუ-იორკში პირველად იხსენებენ 11 სექტემბრის ტერაქტებს ავღანეთიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ.
„ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დატოვებდა ავღანეთს 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავამდე და აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, „თალიბანმა“ შეძლოს ქვეყნის ხელში ჩაგდება. ბოევიკთა დაჯგუფებამ დედაქალაქი 10 დღეზე ნაკლებ დროში დაიკავა“, - წერს BBC.
20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტებიდან
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 20 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა.
08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა.