ალერგიისა და ინფექციური დაავადებების აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და იმუნოლოგი, ენტონი ფაუჩი, თვლის, რომ აშშ-ში ამ დროისთვის არსებული შეზღუდვები და მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები საშობაო დასვენების პერიოდშიც საჭირო იქნება.
ფაუჩიმ აღნიშნა, რომ დეკემბერში მოსალოდნელი იყო შემთხვევების უკვე გაზრდილი რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდა. აშშ-ში ეპიდმდგომარეობაზე ენტონი ფაუჩიმ NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
იმუნოლოგი ამერიკელებს ურჩევს, გამოიჩინონ სიფრთხილე მადლიერების დღესთან დაკავშირებული მგზავრობისას, გამოიყენონ ნიღბები, რათა ხელი შეუშალონ ვირუსის გავრცელებას. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა მადლიერების დღის დასვენების პერიოდში მგზავრობის საწინააღმდეგო რეკომენდაცია გასცეს. ამის მიუხედავად, დღესასწაულის პერიოდში, დაახლოებით, 9 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა შიდა ფრენებით.
ფაუჩიმ აღნიშნა, რომ შეზღუდვები განსაკუთრებით საჭირო იქნება შობის პერიოდში, ვინაიდან ქვეყანაში "ძალიან სარისკო მდგომარეობა" იქმნება.
ის ამბობს, რომ ამერიკელებმა თავადაც უნდა გადადგან ნაბიჯები ვირუსის გავრცელების შესანელებლად, რათა ჯანდაცვის სისტემაზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მკაცრი კარანტინის შემოღება არ გახდეს საჭირო.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა და, სულ მცირე, 266 000-ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებს პაციენტების გაზრდილ რაოდენობასთან გამკლავება უჭირთ.